საქართველო

გიორგი ლობჟანიძე: მისტიკა

პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე 1974 წელს დაიბადა. 1997 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით. 2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია „იესო და მარიამი ყურანში“, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების და პოეტური და პროზაული თარგმანების არაერთი კრებული. ნათარგმნი აქვს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სპარსული პოეზიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები. არის არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. პოეტს შესრულებული აქვს ორიენტალური ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი თარგმანები, როგორიცაა ყურანი, სპარსული ზღაპრები, საადი შირაზელის „გოლესთანი“, ჯალალ ედ-დინ რუმის „ყაზალები“ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ავტორების, სოჰრაბ სეფერის და ფორუღ ფაროხზადის ლექსები.

თავად გიორგი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები შესულია გერმანული გამომცემლობა Pop Verlag-ის მიერ 2015 წელს გამოცემულ ქართული

პოეზიის ანთოლოგიაში „Ich aber will dem Kaukasos zu...“. თავის პოეზიაში გიორგი გაცმოსცემს „თავის დამოკიდებულებებს ცხოვრების, მისი სისასტიკის და დაუნდობლობის თუ მშვენიერებისა და სიკეთის მიმართ, გამოხატულს ხან სევდიანი, ხან ირონიულ-პაროდიული ხასიათით...“, იგი ქმნის „ღრმა და მრავალშრიან პლასტების მქონე პოეზიას, ყოველგვარი პატეთიკისაგან გათავისუფლებულ თანამედროვე პოეზიას.“