პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი 1971 წელს დაიბადა. ქართულ პერიოდიკაში მისი ლექსები და თარგმანები 1992 წლიდან იბეჭდება. პოეტს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული და პარალელურად აქტიურად თარგმნის უცხოენოვან პოეზიას. ზვიადმა ქართველ მკითხველს მრავალი მნიშვნელოვანი ავტორის ტექსტები წარუდგინა ქართულ ენაზე, მათ შორის: ტომას სტერნზ ელიოტი, ეზრა პაუნდი, რობერტ ფროსტი, რაინერ მარია რილკე და პაულ ცელანი. ცელანის ლექსებისთვის ავტორს გოეთეს ინსტიტუტის წლის საუკეთესო თარგმანის ჯილდო გადაეცა.
თავად ზვიად რატიანის პოეზია თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ლატვიურ და სხვა ენებზე. მისი ლექსები მრავალ ანთოლოგიაშია შესული, მათ შორის: Ich aber will dem Kaukasos zu... – Pop Verlag 2015, გერმანია; Aus der Ferne (Neue Georgische Lyrik), Corvinus Presse 2016, გერმანია. ზვიადის შემოქმედება „თავისი არსითა და პოეტური ფორმით, გულწრფელი, აქტუალური და საინტერესო პოეზიაა“.