საქართველო

ზაზა კოშკაძე: ზომბი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

ზაზა კოშკაძე დაიბადა 1982 წელს. მისი ნამდვილი სახელია ლევან ცერცვაძე. დაამთავრა ქართული ხალხური მუსიკის ფაკულტეტი თბილისის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში. იყო „ალტერნატიული პოეზიის ქსელის“ და მოგვიანებით კი „ვარდისფერი ავტობუსის“ თანადამაარსებელი სხვა ახალგაზრდა პოეტებთან და არტისტებთან ერთად. „ვარდისფერი ავტობუსის“ ანთოლოგია გამოიცა 2007 წელს. მისი ორი მოთხრობა სხვადასხვა წლებში შესულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „წლის საუკეთესო 15 მოთხრობაში“. მისი სადებიუტო პოეტური კრებული „შუაღამის ცეკვა კიბოსათვის“ ნომინირებული იყო პრემია „საბაზე“, დებიუტის ნომინაციაში 2013 წელს. ბოლო ხუთი წელია, მუშაობს კოპირაიტერად ტელევიზიაში. 2010 და 2012 წლებში მონაწილეობდა რამდენიმე ლიტერატურულ სახელოსნოში ბრატისალავაში, სტამბოლსა და პრაღაში. 2013 წელს დააფუძნა ჟანრული პროზის პირველი ფესტივალი „ინსომნია“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრების პოპულარიზებას. 2015 წელს იყო მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის კონგრესის მონაწილე აშშ-ში. თავისი მოთხრობების კრებული „ზომბი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ზაზამ ელექტრონულ წიგნად 2016 წელს გამოსცა. მისი ლექსები „თამამი“ და „ხმაურიანია“, პოეტი ოსტატურად ახერხებს ეროტიკული ნარატივების ვერბალიზაციას. “ზაზა ის ავტორია, რომელსაც თვალი არ უნდა მოაშორო. მისი ლექსები ზეიმობენ სიცოცხლეს და ლანძღავენ მას, კერუაკის და ბუკოვსკის სულები მის კისერთან სუნთქავენ, რომ ეს „მამაცი, ახალი მსოფლიო“ დაიპყროს" - უელსელი მწერალი რიჩარგ გვინი.