დავით გაბუნია 1982 წელს დაიბადა ზღვისპირა ქალაქ ფოთში. სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი რეცენზიები და ინგლისურიდან და შვედურიდან თარგმნილი ტექსტები ლიტერატურულ ჟურნალებში 2003 წლიდან იბეჭდება. დავით გაბუნიას თარგმნილი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის და ასევე თანამედროვე დრამატურგების ტექსტები. დღეს იგი წერს და თარგმნის პიესებს „სამეფო უბნის თეატრისთვის“. 2008 წელს გაბუნიას გადაეცა თეატრალური ფესტივალის „არდიფესტის“ პრემია საუკეთესო პიესისთვის. 2013 წელს ავტორი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯის“ პრიზიორი გახდა. მისი პიესები სხვადასხვა დროს დაიდგა რუსთაველის თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, ფოთისა და ბათუმის თეატრებში. 2017 წელს ავტორმა პირველი რომანი დაწერა. წიგნის წარდგენა თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე გაიმართა. რომანს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.